saqarTvelos mRvimeebi - darkveTis exi
მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი მდინარე ყვირილის მარცხენა ნაპირას, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფ. ითხვისის ჩრდილოეთით, სოფელ დარკვეთის ტერიტორიაზე.
1968-1972 წლებში გაითხარა (ლ. ნებიერიძე) 5 კულტურის ფენა. I, მეზოლითის ხანის ფენა. შეიცავდა კაჟისა და რიყის ქვის იარაღს. II ფენაში არმოჩნდა ადრინდელი (უკერამიკო) ნეოლითისათვის დამახასიათებელი მასალა, III, IV და V ფენებში ყვირილის ხეობის ენეოლითური კულტურის სხვადასხვა ეტაპებია წარმოდგენილი. III და IV ფენებში დიდი რაოდენობით იყო კაჟისა და ბაზალტის შრომისა და ბრძოლის იარაღი, სამკაული, ძვლის ნაწარმი, მცირე რაოდენობით - გეომეტრიული ფორმის ჩასართები. კერამიკა მოვარდისფრო-მონაცისფროდაა გამომწვარი და გაპროალებული. გვხვდება წითლად გაპროალებული თხელკედლიანი ჭურჭლის ნატეხებიც. მსგავსი მასალა აღმოჩენილია ყვირილის ხეობის მღვიმეებში (სამერცხლე კლდე, სამელე კლდე, ძუძუანა). V ფენაში აღმოჩნდა კაჟის იარაღი, ფიქლის სამაჯურები და წარმოების ნაშთები. თიხის ჭურჭელი ორნამენტით ჰგავს ახშტირისა და ოქუმის მღვიმეების ენეოლითურ კერამიკას. V ფენა დაზიანებულია მტკვარ-არაქსის კულტურის ადრინდელი ეტაპის სამარხებით. დარკვეთის ეხში გამოვლენილი ენეოლითური კულტურა გარკვეულ სიახლოვეს იჩენს მაიკოპის კულტურასთან (ა. ფორმოზოვი, დ. თუშაბრიშვილი).